მე მინდა, ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც…
“დაცული ვიქნები”
“დამკვიდრებული იქნება მშვიდობა და სამართალი”
“სადაც ყველა თანასწორია”
” ხალხს თავისი ცხოვრება აქვს და სხვისას არ განიხილავს”
“ქვეყანაში, სადაც პატივისცემა და სიყვარულია”
” თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში მინდა ცხოვრება”
ეს სურვილები სოფელ ლელიანის და აფენის ახალგაზრდებმა გააჟღერეს ტრენინგზე, რომელიც ახალგაზრდა ამომრჩევლების გააქტიურებას და საარჩევნო საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
სამართლიანი არჩევნები (ISFED) ატარებს კამპანიას „მე ხმას ვაძლევ პირველად!“, რომლის ფარგლებშიც, ორგანიზაციის წარმომადგენლები ხვდებიან საჯარო სკოლების მოსწავლეებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
ჩვენს სივრცეში შეხვედრის ჩატარების ინიციატივას სიხარულით დავთანხმდით, რადგან რაც უფრო მეტ ახალგაზრდას ეცოდინება არჩევნების ისტორია საქართველოში, არჩევნების ძირითადი პრინციპები, მოქმედი საარჩევნო სისტემები და საარჩევნო პროცედურები, მით მეტად მომზადებულები შეხვდებიან ხმის პირველად მიცემის პროცესს.
არჩევნებში მონაწილეობა კი თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.
მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყოველი მოქალაქის ხმა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ისტორიაში არსებობს მაგალითები, როდესაც ერთმა ხმამ მნიშვნელოვანი მოვლენის, მათ შორის არჩევნების, შედეგი გადაწყვიტა:
1876 წელს ერთი ხმით რეზერფორდ ჰეისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა.
1786 წელს კი ერთი ხმის წყალობით ამერიკაში გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდება.