ევროპის ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდების უნარების გაძლიერებას ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლება აფინანსებს.
შესაბამისი პროგრამებითა და ინსტიტუციების საშუალებით განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო განსაკუთრებულად ცდილობს, ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება – მიიღონ განათლება, შეიძინონ საჭირო ჩვევები და სრულად ჩაებან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა მათ ჰქონდეთ ნაყოფიერი შრომისა და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა.
საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის მიხედვითაც, ჩვენი სახელმწიფოც ვალდებულია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში.
ამ ვალდებულების საპასუხოდ, ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 50 000 ლარი, რათა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მაცხოვრებელი ახალგაზრდების საპროექტო იდეები დაფინანსდეს.
ზოგ სოფელში კინო-ჩვენებების მოწყობა იგეგმება, ზოგან ფესტივალების კულტურა დამკვიდრდება, ზოგან თემატური ტრენინგები ჩატარდება და ასე გამოცოცხლება ჩვენი მადლიანი კუთხე.
არდასავიწყებელი ამბავია, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგია, ლაგოდეხის ტერიტორიას ქართული სული რომ შეუნარჩუნდა.
იმერლებმა, რაჭველებმა, მეგრელებმა, სვანებმა, გურულებმა… მოიყარეს თავი ამ პატარა და უაღრესად კოლორიტულ კუთხეში.
ქართველებთან ერთად აქ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ პოლონელები, აზერბაიჯანელები, ოსები, სომხები.
ლაგოდეხის მოსახლეობის ნაციონალური თუ კუთხური მრავალფეროვნება გონივრულად სამართავია თავმოწონებასთან ერთად.
ხოლო ვისაც ამ ქვეყნის სიყვარულით უძგერს გული, ის მომავალი თაობის განათლებაში დებს ინვესტიციას, რათა ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას.
ახალგაზრდული იდეების გაცოცხლებისთვის ლაგოდეხის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს პროექტის წერა ვასწავლეთ.
ჩატარებული ტრენინგი რესურსების გაერთიანების კარგი მაგალითია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
დაე, გადამდები იყოს ეს გონივრული პრაქტიკა სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც!



