დღეს 26 მაისია – საქართველოს ეროვნული დღესასწაული
1801 წელს საქართველო შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. მომდევნო საუკუნე იყო მუდმივი წინააღმდეგობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდი. გავიდა 116 წელი და მოხდა გარდამტეხი მოვლენა საქართველოს ისტორიაში.
„ურისკოთ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოთ. მაშ საჭიროა გამბედაობა, გამბედაობა და კიდევ ერთხელ გამბედაობა“ – აკაკი ჩხენკელის ეს სიტყვები გახდა ბიძგის მიმცემი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის.
1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მრავალსაუკუნოვანი მონარქიული მმართველობის შემდეგ, საქართველო პირველად გამოცხადდა დემოკრატიულ რესპუბლიკად.
ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომლის პირველი მუხლი იყო: „ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.
ერთდროულად ბედნიერი და აღელვებული მოსახლეობა მთაწმინდის პანთეონისკენ გაემართა და ილია ჭავჭავაძის საფლავთან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „გიხაროდენ, დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა! აღსდგა საქართველო!“
მას შემდეგ 103 წელი გავიდა..
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!