
’ჩემი ურთიერთობა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან ერთ საინტერესო დღეს დაიწყო მაშინ, როდესაც ცენტრის თანამშრომელმა მომაწოდა ინფორმაცია კომპიუტერის შემსწავლელი კურსის შესახებ.
განვითარების სურვილი ყოველთვის მქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება ვერ შევძელი, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაცია კი ჩემთვის მოულოდნელი შესაძლებლობა იყო, რომელიც ხელიდან არ გავუშვი.
2015 წელს გავიარე კომპიუტერის სამთვიანი კურსი. ამ ხნის განმავლობაში ლელიანის ზრდასულთა განათლების ცენტრში გატარებული ყოველი დღე ჩემთვის იყო ახალი თავგადასავალი. იქ უზომოდ თბილი გარემო მხვდებოდა, თავს უკეთ ვგრძნობდი, თითქოს უკეთ ვსუნთქავდი, ყველას დანახვა მახარებდა. სწორედ ამან განაპირობა შემდგომში ჩემი და ცენტრის ურთიერთობის გაღრმავება.
ამ კურსის შემდეგ გავიარე ‘’მენეჯმენტი და მართვის“, ‘’ჭრა-კერვისა“ და ‘’ინგლისური ენის’’ საბაზისო შემსწავლელი კურსები, რომლის ფარგლებში მიღებული ცოდნით ჩემს შვილებს დაწყებით კლასშიც კი დავეხმარე. ლელიანის ზრდასულთა განათლების ცენტრში ვესწრებოდი სხვადასხვა ტრენინგ-სემინარებსა და შეხვედრებს. ამასთანავე, ვთვლი, რომ ჩემთვის არანაკლებ შედეგიანი იყო პროექტ ,,პოზიტიური მშობლობის“ ფარგლებში ფსიქოლოგისგან მიღებული კონსულტაციები. ეს დამეხმარა გამეცნობიერებინა და შემეცვალა ის არასწორი მიდგომები, რომელთაც შვილებლთან მიმართებაში ვიყენებდი და ნორმად მიმაჩნდა. პროექტში მიღებული რჩევების შედეგად დღეს მე და ჩემი გოგონები არაჩვეულებრივად ვუმკლავდებით მსგავს პრობლემებს.
გარდა იმისა, რომ ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად შევიძინე სხვადასხვა უნარ-ჩვევა, შევიცვალე შეხედულებები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხების მიმართ, აქ მიღებულმა ცოდნამ განსაზღვრა ჩემი კარიერული განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება. ჭრა-კერვის კურსის გავლის შემდეგ ეს საქმე ჩემს პროფესიად იქცა. ერთ-ერთი ბიზნეს პროექტის დახმარებით რამოდენიმე ადამიანთან ერთად შევიძინე ამ საქმისთვის საჭირო ინვენტარი და წამოვიწყე მცირე ბიზნესი. ის, რომ მე დღეს ჩემი სამკერვალო სალონი მაქვს ამ ცენტრის დამსახურებაა. შემოსავლის მიღებით უფრო დამოუკიდებლად ვიგრძენი თავი, რამაც უფრო დიდი მუხტი და მოტივაცია მომცა გავარგძელო პიროვნული განვითარება და ახალი უნარ-ჩვევები გამოვიმუშავო.
ვფიქრობ, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან ურთიერთობა არ ამომიწურავს და ყოველთვის დიდი სიხარულით მიმიწევს გული იქ მომუშავე გუნდთან შესახვედრად.
არ შემიძლია უღრმესი მადლობა არ გადავუხადო ცენტრის თითოეულ წევრს, ქ.ნანა ნერსეზაშვილის ხელმძღვანელობით. ასევე, დიდად ვაფასებ DVV international-ს, რომ ზრუნავს ჩემნაირი ადამიანების პიროვნულ განვითარებაზე.
ყველას შემიძლია თამამად მოვუყვე ამ ადგილის შესახებ და გამოვხატო ჩემი მადლიერება ამ ცენტრისგან მიღებული სარგებლის მიმართ. ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი არის შესაძლებლობების კარი, რომელიც ყველასთვის ღიაა“.