– მას, შეიძლება შუქი ავანთოთ?
– რა თქმა უნდა, განათლებას ყველა კარგად სიტყვა “სინათლე” გამოხატავს…
იღიმის და შუქს ანთებს…
თავადაც ნათელია…
შუქი აინთო, გაკვეთილი დაიწყო…
ვსწავლობთ ინგლისურს…
საყველპურო ინგლისურსო რომ იტყვიან ჩვენები…
ანბანი, კითხვის წესები, დიალოგი და გრამატიკა ჩვენი ყოველდღიურობაა..
გაკვეთილისეული ყოველდღიურობა…
ჩემი მოსწავლეების ყოველდღიურობა შეიძლება სულაც არ განსხვავდება ინგლისურის გაკვეთილისგან, მაგრამ ზოგ დიალოგს შეიძლება ადამიანი აკლდეს, გრამატიკულ ნაწილს – ლოგიკა და აქამდე მიღებული წესები შეიძლება სულაც არ იყოს კანონზომიერი სოფლის ცხოვრებაში…
მოდიან ხან გათოშილები, ხან დაღლილები, ათასდღე მოსწრებულები, გლეხის სითბოჩამდგართვალებიანები…
მოდიან და ენერგია მოაქვთ, სითბო მოაქვთ და გამოცდილება…
კარებთანვე, ფეხსაწმენდზე ტოვებენ იმედგაცრუებებს, გაბრაზებებს და დღის წყენებს და გახალისებულები შემოდიან…
შემოდიან და სწავლის დროს მთელი არსებით იყენებენ…
პირველივე გაკვეთილზე ვუთხარი, პოზიტიური სივრცე უნდა შევქმნათ, გაკვეთილზე მოსვლა რომ გიხაროდეთ და ხალის-ხალისით შემოგესწავლოთ ინგლისური-მეთქი…
გაუხარდათ, მაგრამ მაინც აქტიური და მონდომებული მოსწავლეებივით კლასის გარემოს შექმნა დაიწყეს…
იცით რა საინტერესოა თითოეულ მათგანზე დაკვირვება?!
ხანდახან გგონია, რომ ზუსტად ისეთები არიან, სკოლაში იყვნენ, გოგონებს თავზე კიკინები აკლიათ და სკოლის ფორმა…
ბიჭებს კიდევ ქურთუკში შენახული რვეულები და კალმები…
დიდები არიან, მაგრამ პატარებივით განიცდიან, რამე რომ არ გამოსდით, რამე რომ ეშლებათ ან ვერ იმახსოვრებენ…
მერე ერთად ვცდილობთ გადავფაროთ “შეცდომები” და “ნაკლები”, ერთად წავიკითხოთ ხმამაღლა და ხშირად გავიმეოროთ…
თვითონაც კარგად იციან და მეც შემამეცნეს, რომ სოფელში ბევრია საქმე, ყოველი სწავლის წუთი სწორად უნდა გამოიყენო, თორემ შეიძლება მერე შვილმა არ დაგაცადოს, ან საოჯახო თუ საგარეო საქმეების გამო ვერ მოიცალო…
ეს არის სოფლის აუტანელი სიმსუბუქე…
აუტანელიც, შეუძლებელიც და თითქოს დაუძლეველიც და საოცრად მსუბუქი…ხასხასა ჰაერით სავსე და შთაგონებიანიდეებიანი…
ერთ დღეს მზემ შთამაგონა, რომ ამ გათოშილ ზამთარში რამდენიმე წუთით გარეთ გასვლაც კი შეიძლება…
– გამომყვებით სტადიონზე? – ვუთხარი გოგო-ბიჭებს
– კი, კი, გაუხარდათ და პატარების ჟივილ-ხივილით ჩაირბინეს კიბეები…
– წრე შევკრათ და ინგლისურად დავითვალოთ… one, two, three, four, five….მერე, ვიღაცას დაავიწყდა, ვიღაცა ახსენებს და ერთმანეთის დახმარებით ვიმახსოვრებთ…
– დიალოგებიც გავივარჯიშოთ, რა…
– რა თქმა უნდა, დიალოგებსაც ვიწყებთ და წრეში უკვე ვიცით, ვინ რამდენი წლისაა, როგორ არის და რა ქვია…
ქუჩიდან ბავშვები გვიყურებენ, გაკვირვებულები, მაგრამ რა იციან, რომ მათ დედებსა და ბებიებში მათზე უფრო პატარა ბავშვები ცხოვრობენ…
მასწავლებლობა მუდმივად რეჟიმში ყოფნაა…
მოსწავლეობაც…
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, მოზარდი ხარ თუ ზრდასრული, რა როლში ხარ, მსწავლელის თუ სწავლულის, მაინც გიწევს შენს თავში არსებული პატარა ბავშვის მოძებნა და საკუთარი ნაბიჯებზე დაკვირვება ბავშვური უშრეტი ენთუზიაზმით…
და როგორც კი მოძებნი, მერე ამ ბავშვს ზრდი შენში…
ზრდი ინგლისურენოვანს, სხვა ენოვანს, სხვა უნარებიანს და არასდროს უბრაზდები…
აფასებ თითოეულ პროგრესს შენს ბავშვში და გიხარია…
ჩემს მოსწავლეებში კი არა მთელ სოფელშია დიდი რესურსი გაბნეული, ადამიანების, სიყვარულის, გამოცდილების და განათლების რესურსი…
რესურსი, რომელსაც ყოველ შეხვედრაზე ითვისებ, ითვისებ და ვითარდები…ვითარდები და სამყაროს ახალ ადამიანებიან-უნარებიან-ფიქრიან თავს ჩუქნი…
– მას, შეიძლება შუქი ავანთოთ?
– რა თქმა უნდა
გაკვეთილი მთავრდება ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში…
ჩანთებს და ქურთუკებს მოამზადებენ, კიკინებს შეისწორებენ, თვალები აუციმციმდებათ და დაგემშვიდობებიან…
გაიხურავენ კარებს და მუდმივად ვფიქრობ იმაზე, ფეხსაწმენდზე დატოვებული წყენები დიდხანს აღარ გაახსენდეთ, თან არ გაიყოლონ და ბავშვური ჟივილ-ხივილით გაიქცნენ სახლებში…
სახლებში, სადაც ოჯახები ელოდებიან, დედები, მამები, ქმრები, შვილები და საქმეები…
კარებს გამოვიხურავ…
ფანჯარას გავაღებ…
მზეს მივუშვერ სხეულს, ჩავისუნთქავ ადამიანებს და ჩემს თავს ჩავეხუტები…